ოდნავ სევდიანი ღიმილი


სიტყვები უმისამართოდ დაბორიალობენ გარშემო. მრავლად არიან, ხატოვანიც, სევდიანიც, ზეაწეულიც, მეტყველიც, ასეთიც, ისეთიც…

აი ზუსტად მორგებული კი ვერ ვიპოვე. ჯერ რომ არასდროს ყოფილა, ისე მიჭირს იმ სიტყვების მოძებნა ერთდროულად ტკივილს, მონატრებას, დანანებას, სიცარიელეს და კვლავ მონატრებას რომ გამოხატავენ. ორი წლის წინ ნიკო გომელაურმა უკანასკნელად ამოისუნთქა და ქალაქს “ჩანაწერებში” გაბნეული ღიმილი დაუტოვა. ხშირად მომისმენია ამბობდნენ, ის არ მომკვდარაო, კვლავ ცოცხლობს ჩვენს გულებშიო. მაშინ ვერ ვხვდებოდი ამ სიტყვების მნიშვნელობას და ოდნავ ბანალურადაც კი მეჩვენებოდა. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის ნიკო არ… ვერც კი ვწერ ამ ზმნას. ამიტომ, 2010 წლის 13 აპრილიდან დღემდე გასულ დროს უბრალოდ, დავივიწყებ და მანამდე რაც იყო იმას გავიხსენებ…

ჩვენი გაცნობა იმით დაიწყო, რომ გრიბოედოვის თეატრის ვიწრო დერეფანში თვალი მომჭრა ღიმილმა, თბილმა, გულწრფელმა და ოდნავ სევდიანმა. შემდეგ იყო თვალები, საოცარი, ღრმა, კეთილი და ისინიც ოდნავ სევდიანი. მაღალმა, ლამაზმა მამაკაცმა გამიღიმა და რომელიღაც კარში გაუჩინარდა. ეს დიდი ხნის წინ იყო. მაშინ მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ამ საოცარი ადამიანის ნიჭის აღმასვლის მოწმე გავხდებოდი, რომ მისი შემოქმედებით აღფრთოვანებული მაყურებელი ათას კითხვას დამისვამდა მის შესახებ, რომ მის გვერდით გატარებული ყოველი დღე ადამიანურობის, ნიჭიერების, კეთილშობილების დღესასწაული იქნებოდა. თუ თქვენ ერთხელ მაინც აღმოჩნდით მის გარემოცვაში – ბედმა გაგიღიმათ და თუ სასწაულებრივი გარემოების წყალობით მისი ახლობლების სიაში ხართ, მაშინ თქვენ ბედის ნებიერა ბრძანდებით.

სხვა მრავალთა შორის ერთ-ერთი ჩვენი ბოლო შეხვედრა მახსენდება თბილისური ზაფხულის ჩვეულად ცხელ დღეს მის მყუდრო სახლში აბაშიძის ქუჩაზე. ნიკო უკვე ძალიან ცუდად იყო. თუმცა, წამით არ იმჩნევდა და ისეთი ხალისით “მეჭორავებოდა”, რომ გავთავხედდი კიდეც და ჩემს, ახლაღა ვხვდები, რომ უმნიშვნელო პრობლემებზე დავუწყე წუწუნი. მიღიმოდა, მამშვიდებდა არ გატყდეო, ყველაფერი დალაგდებაო, მთავარია შიში არ მოგერიოსო და მთებს გადააბრუნებო.

ახლა ჩვენი საუბრის ჩანაწერებს რომ ვათვალიერებ, მომწონს აწმყო დროში რომ არის. თავს ნებას მივცემ და ასევე დავტოვებ…

l

არც მთა უყვარს, არც ზღვა, არც ბუნებაში ხეტიალი. მშვენივრად ცურავს, მაგრამ ზღვა ღლის და აუზი ურჩევნია. ხალხმრავალ, ბომონდურ “ტუსოვკებს” საკუთარ, ლამაზ სახლში მყუდრო ტახტზე განმარტოვებას ამჯობინებს. კომფორტულ გარემოში თავს კომფორტულად გრძნობს. მშვიდს და საოცრად გაწონასწორებულს აღიზიანებს ქედმაღლობა და უვიცობა, წყობიდან გამოჰყავს უზრდელობას. ნიჭს შეუძლია აპატიოს ყველაფერი. ბუნებით კონსერვატორი რთულად ეგუება ექსპერიმენტებს, უბრალოდ არც კი აინტერესებს. ურჩევნია დოსტოევსკი გადაიკითხოს მეთორმეტედ, ვიდრე ახლებს და მოდურებს შეაწუხებინოს გონება. პოლიტიკა საერთოდ არ აღელვებს, თუმცა იძულებულია იმდენად იყოს დაინტერესებული პოლიტიკით, რამდენადაც პოლიტიკას ვაინტერესებთ ჩვენ. ინტერვიუზე პრაქტიკულად ყოველთვის თანხმდება, თუმცა ყოფილა უხეირო კითხვები, რომელთაც მისი გახსნილი ღიმილი ირონიულ ჩაღიმებად უქცევიათ. მისი სამოსი ყოველთვის მოდური და გემოვნებიანია, თუმცა უკვირს, რომ ამას ყურადღება ექცევა, რადგან განსაკუთრებულად არასდროს ზრუნავს, რომ ელეგანტურად გამოიყურებოდეს. მას თავდავიწყებით უყვარს ბავშვები და უდიდეს სიამოვნებას გვრის მათთან ურთიერთობა. თავად ფიქრებში ხშირად ბრუნდება საკუთარი ბავშვობის ხანაში და იმდროინდელი ნოსტალგიური შეგრძნებები ახალისებს. მისთვის ცხოვრების არსი ყოველი დღის, ყოველი წუთის რიტმშია, მისთვის სიცოცხლე უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ცხოვრება.

ჩემს სულს მოვუწყვე ცხოვრება

რთული…

ვინც გამამტყუნებს ფუჭად მოცდება..

თვითონ უნდოდა სულს, მგონი

გულით..

მე.. ავუსრულე, მხოლოდ, ოცნება…

l

ნიკო ჩვეული ღიმილით დამეთანხმა, რომ ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ.

“მე ჩემს თავზე ვამბობდი, რომ ვარ მავნე და უზნეო. ბაგა-ბაღში სულ პატარა, ძალიან ვუყვარდი თამარა მასწავლებელს და მუდმივად კალთაში ვეჯექი. ერთხელ დედამ მკითხა, რატომ უყვარხარ თამარას ასეო? ძალიან ლამაზი ვარ და იმიტომ,” – არც დავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე, ცისფერი თვალებით და ოქროსფერი კულულებით, ეტყობა, ცოტა ანგელოჩიკის იერი მქონდა…

რომ წამოვიზარდე, რა თქმა უნდა, ისე აღარ ვფიქრობდი, თუმცა არასრულფასოვნების კომპლექსი არასდროს მქონია. მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც მან შეიძლება შეზღუდოს მეორე ადამიანის თავისუფლება. ახალგაზრდობაში ყველაფერი იყო, სასმელიც, მოსაწევიც, ისტორიებიც. მაგრამ, მთავარი იყო წიგნები და დაკვირვება. აი, ხომ შეიძლება რაღაც გაატარო? არ გამომდის, ვაკვირდები ყველას და ყველაფერს; ეს თვისება განსაკუთრებით საჭიროა მსახიობისთვის, ჩემთვის სცენაზე დეტალებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის ვიცოდი, რომ მსახიობი ვიყავი. ეს, თავისთავად ასე იყო, თეატრალურ ინსტიტუტში უბრალოდ იურიდიულად გაფორმდა, ოფიციალური სტატუსი მიიღო ჩემმა არტისტობამ…

დამყოლი მსახიობი? კი, ძალიან. ბოლომდე ვუსმენ რეჟისორს, მაინტერესებს მისი კონცეფცია და უკვე შემდეგ ვცდილობ ჩემი შევიტანო პერსონაჟში; ჩემს ყველა პერსონაჟს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი ბიოგრაფია, მაგრამ ამაზე მე უკვე მარტო დარჩენილი აქ, ჩემს სახლში ვფიქრობ. რეპეტიციების პროცესში არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, კამათი, უფრო მეტს ვფიქრობ და ვაკეთებ, ვიდრე ვლაპარაკობ. შემოქმედებაში ენერგიული და დაუზარელი ვხდები, ღამეები შემიძლია ვათენო ვიდრე არ ვიპოვი, ასეა სცენაზეც და წერის დროსაც. თითქოს დალაგდა, თითქოს ის არის, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც არ მყოფნის, ბოლომდე ვერ ვიპოვე და ყველაფერი თავიდან იწყება. აი, სამაგიეროდ ყოფაში კი საშინელი ზარმაცი ვარ. არ მიყვარს პრობლემებთან ჭიდაობა, მირჩევნია მივუშვა და დროს მივანდო. დრო ყველაფერს დაალაგებს, ან ვინმე მოაგვარებს (კვლავ იღიმება) მაგალითად, ნინა მოაგვარებს.. არ მიყვარს სიტყვა “მეუღლე”, “უღელი”- ჩემში კამეჩის, ძროხის ასოციაციას იწვევს… ნინა ჩემი ცოლია და შვილები ნინას და მე, ჯამში ოთხი გვყავს…

შეყვარებული ნიკო სულელია (ლამაზი, ღრმად ცისფერი თვალები რაღაცნაირად, სხვანაირად გაუთბა). თუ კაცი ხარ თუ გიყვარს რა საკვირველია, რომ გინდა საყვარელ ქალს მთელი სამყარო აჩუქო, დაუსრულებლად უთხრა, რომ მშვენიერია და რომ გიყვარს, აკეთო მისთვის პატარა სისულელეები. თუმცა, რატომაა სისულელეები? თუ ამით სიამოვნებას იგრძნობს. ისედაც ხომ ისე ხდება, რომ ყველაზე ახლობელ ადამიანებს მეტად სტკენ გულს, ხანდახან ნაკლებ ყურადღებას აქცევ… იმიტომ, რომ იცი შენი ადამიანია, შენი ნაწილია. მოკლედ, შენია და ძალიან უყვარხარ…

ვის გაუგია ივლისში თოვა ?!

მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად

მოვალ..

მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს,

რომელიც თოვლის ალერსით ყვავის…

l

მე მქონდა ბედნიერება და ეს მართლა ბედნიერება იყო, თვალი მედევნებინა ნიკოს შემოქმედებისთვის თეატრში, მრავალრიცხოვან გასტროლებზე. მიუხედავად იმისა, რომ ნიკო ნამდვილად დაამშვენებდა ნებისმიერი თეატრის სცენას საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც, მე მაინც მგონია, რომ ის ავთო ვარსიმაშვილის მსახიობი იყო. იშვიათი სითბოთი ექცეოდა მას ავთო და ყოველთვის და ყველგან ამაყობდა, რომ მას ნიკო გომელაური ყავდა. ჩემდა სამწუხაროდ “კავკასიური ცარცის წრის” რეპეტიციებს არ დავსწრებივარ. შესაბამისად, განსაკუთრებულად ველოდი მის აზდაკს. მით უფრო, რომ ყველა ხვდებოდა ეს მისი ბოლო როლი შეიძლება ყოფილიყო…

ბრეხტმა “კავკასიური ცარცის წრე” ორ თვეში დაწერა. ეს იყო 1945 წელს და მას შემდეგ არ დარჩენილა მსოფლიოში არც ერთი ქვეყნის არც ერთი ოდნავ მაინც ამბიციური თეატრალური დასი, რომელსაც ცარცით წრე არ შემოეხაზა. თუმცა, ისტორიას შემორჩა სულ რამდენიმე და მათგან ერთ-ერთმა საქვეყნოდ გაითქვა სახელი. ეს გახლდათ რუსთაველის სახ. თეატრის “კავკასიური ცარცის წრე”…

ქართულ თეატრალურ სინამდვილეს ზოგადად სჩვევია აკვიატებები და ერთი ასეთი იყო ის, რომ რ. ჩხიკვაძის ლეგენდარული აზდაკის შემდეგ ამ როლზე ფიქრიც კი მკრეხელობაა.

ვინაიდან ადამიანის გრძნობათა ბუნებას აკრძალულის დაგემონება ახასიათებს, მომიტევონ თავისუფალი თეატრის სხვა მსახიობებმა, მაგრამ მოუთმენლად ველოდი სპექტაკლის სწორედ იმ მესამე მოქმედებას, სადაც ნიკო გომელაურის აზდაკს პირველ ფრაზად უნდა ეთქვა “გიჟი ვაარ!” ვინ არის ის? გიჟი თუ ბრძენი, ფლიდი თუ კეთილშობილი, მწერალი თუ ფილოსოფოსი, დაძონძილი გლახა თუ მოაზროვნე?! ერთიც, მეორეც, მესამეც და ის ოცდამეათეც, რომელიც ახლა, სისწრაფეში, არ გაგვახსენდა. როდესაც სცენაზე ნიჭიერზე ნიჭიერი მსახიობი დგას, მას გათვლილი აქვს ერთიც, მეორეც და ოცდამეათეც… მან ზუსტად იცის საკუთარი პერსონაჟის ენერგეტიკა, ქცევის წესები, ბიოგრაფიის დეტალები, შინაგანი ვნებები და ფაქიზად ექცევა მათ.

ფუფუნება ათავისუფლებს ადამიანს მწარე გამოცდილებისგან და გულცივობით განმსჭვალავს განსხვავებით გაჭირვებულისგან, რომელიც გაცილებით მგრძნობიარეა სხვათა უბედურებისადმი, ხმა გავარდა ვინმე აზდაკი მეფე სოლომონის სიბრძნის სადარად გაარჩევსო გრუშეს საქმეს. თუმცა, ხმა სასწრაფოდ ჩაახშო ქვეყანაში გამეფებული “კანონიერი მთავრობის” მორჩილებამ. სინამდვილეში მორჩილება სხვა არაფერია, თუ არა სასოწარკვეთა, თუმცა დაჩაგრული სული წამით აბობოქრდება, შეკავშირდება და იბადება იმედი. რაც უფრო ტრაგიკულია ადამიანის ბედი, მით უფრო უდრეკი და შეუვალია მისი იმედი. იმედი ურთულესი გამარჯვებაა საკუთარ ტანჯვაზე. იმედი სასოწარკვეთის გადალახვაა. გომელაურის აზდაკი ის იმედი იყო, რომელმაც სპექტაკლის წარმატება განსაზღვრა.

“უტოპიური და მკრეხელური” სურვილი შესანიშნავ რეალობად იქცა. თავისუფალი თეატრის გომელაურის უსაზღვრო ენერგეტიკისთვის აშკარად შეზღუდულ სცენურ სივრცეში არც ერთი წამით არ გამოჩენილა რუსთაველის თეატრის აზდაკის შორეული ზმანებაც კი. სცენაზე მოქმედებდა სრულიად სხვა, მსახიობის მიერ ფილიგრანულად გამოძერწილი და გენიალურად სახეცვლილი აზდაკი…

სპექტაკლის შემდეგ გაკვირვებული, აღფრთოვანებული და ბედნიერი ვიყავი. დაღლილმა და სიცხიანმა ნიკომ მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ღიმილით გამიღიმა და თეატრი სწრაფად დატოვა…

l

კვლავ ცხელი ზაფხულის საღამო აბაშიძის ქუჩაზე. ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ. მაოცებს ნიკოს მოულოდნელი განცხადება…

– არ მიყვარს თეატრი. ძალიან იშვიათად დავდივარ სპექტაკლებზე. მსახიობმა უნდა გამაკვირვოს, რომ დავინტერესდე. მე ხომ ვიცი როგორ კეთდება ეს ყველაფერი. ეს იმას ჰგავს ფოკუსნიკი ფოკუსნიკის წარმოდგენას რომ ესწრება (იღიმება). როდესაც მე თეატრში მივდივარ და მავიწყდება, რომ თეატრში ვარ, მაშინ აღფრთოვანებულ მაყურებლად ვიქცევი. მოკლედ, თეატრმა უნდა გამაკვირვოს.

მე თვითონ კრიტიკას? კარგად, ძალიან კარგად. მითუმეტეს თუ ვგრძნობ, რომ ადამიანი კეთილგანწყობილია და არა წინასწარ ჩასაფრებული სალანძღავად. პირიქით, უფრო ვღიზიანდები თუ სულ კარგს ხედავენ ან ჩუმად არიან და არავითარი შენიშვნები არ აქვთ, ეს განსაკუთრებით რეჟისორებს ეხება.

რა ვიცი… თავს გახალტურების უფლებას არ ვაძლევ, მთავარია პასუხისმგებლობის გრძნობა. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სცენაზე როგორ გამოვიყურები, რა დროს პრანჭვაა. უნდა გამოვიყურებოდე ისე, როგორც როლს სჭირდება, არც კი ვფიქრობ ამაზე. ფიზიკურ ფორმას რაც შეეხება, დიდად არასდროს მომიკლავს თავი ვარჯიშით და განსაკუთრებული დიეტებით. თუმცა, თუ ვიგრძნობ, რომ ზედმეტი კილოგრამები ავკრიფე, აუცილებლად ვიზრუნებ. სცენას სხვა ენერგია, სხვა ფიზიკური მდგომარეობა სჭირდება, ლაპარაკი მხოლოდ თავისუფლად მოძრაობაზე არ არის, უბრალოდ არაფერი არ უნდა გბოჭავდეს. მე ხშირად მიწევს ძალიან ახალგაზრდა მსახიობების გვერდით თამაში, სტუდენტურ სპექტაკლებშიც კი მიმიღია მონაწილეობა. მუშაობის პროცესში შემიძლია რჩევა მივცე, ჩემი გავუზიარო. არა, ყოფაში არა. ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა (კვლავ იღიმის); შემოქმედებაში ენერგიული და დაუღალავი, ყოფაში კი საშინლად ზარმაცი და ინერტული ვარ. თუ აძლევ სხვა ადამიანს რჩევას, იმაში უნდა მისცე რასაც კარგად იცნობ და აბა მე ყოფითი პრობლემების არაფერი გამეგება…

კი, დამიშვია ცხოვრებაში გამოუსწორებელი შეცდომები და, რა თქმა უნდა, ძალიან ვნანობ. თუმცა, ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მსურს. ეს მე ვიცი და ღმერთმა. გონიერი ადამიანი ხომ იმითაც არის გონიერი, რომ გაიაზროს საკუთარი შეცდომები და აღარ დაუშვას მათი გამეორება.

სცენაზეც ბევრჯერ ავალ.

დავბეჭდავ რაც კი ვწერე.

იმაზე ფიქრში არ ვარ – იქ რა იქნება

l

ვცოცხლობთ რათა შევიგრძნოთ, რომ ცხოვრება მშვენიერია, სხვა დანარჩენი სიკვდილის მოლოდინის ნაირსახეობაა. ნიკომ ზუსტად იცოდა, რომ ცხოვრება მშვენიერია. ის ნიჭიერი, ძლიერი და გულწრფელი იყო. მისი თეატრი საოცრებათა ზღაპრული სამყარო იყო, სადაც მსახიობი გრიმის გარეშე სასწაულებრივად გარდაისახებოდა. მისთვის პოეზია ვნება იყო და არა მიზანი. მისი პოეზია სიხარულის, ტკივილის, აღფრთოვანების, გაოცების უწყვეტი დინებაა და არა ლექსიკონიდან სიტყვათა ლამაზი წყობა. ის რთულს აქცევდა ჩვეულებრივად, ჩვეულებრივს იოლად, იოლს-მშვენიერებად. ნიჭიერება რთულია დამალო, უფრო რთულია მისი სიმულირება. ნიკო გომელაურის შემოქმედებამ მოკლა სიკვდილი!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s